დღეს საღამოს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2007 წლის შემდეგ პირველად მოიგო ოფიციალურ შესარჩევ მატჩში. ვულოცავ ყველა ქართული ფეხბურთის ქომაგს და განსაკუთრებით იმათ ვინც ამ წვიმაში არ დაიზარა და წავიდა ჩვენ ეროვნული ნაკრების საქომაგოდ. კარგი იქნებოდა დანარჩენებსაც მიგვებაძა.
მოკლედ, გავიმარჯვეთ და სამი ქულა ავიღეთ რის ხარჯზე ეს სხვა საკითხია. ჯერ ახალი მწვრთნელი გვყავს და იმედი ვიქონიოთ, რომ დალაგდება ნაკრები. ამისთვის დროა საჭირო და მხოლოდ ჯ ა ნ ს ა ღ ი კრიტიკა. უაზრო შენიშვნები წინ ვერ წაწევს ვერც მწვრთნელს და ვერც ნაკრებს.
და მაინც, რაც ყველაზე მატად არ მომწონს ამ ყველაფერში—-გულშემატკივრობაა! ვინც წავიდა კარგია არ დაიზარა კი, შეიგინებოდა, მაგრამ მაინც…ვინც დავრჩით და ტელევიზორს ვუყურებდით ესეც კარგია, მაგრამ ვინც სახლში იყო და უყურებდა გოგონას გარეუბნიდან, თუ რაღაც მსგავსს ეს უკვე ცუდია! ვიცი, რომ 81-წელს ნათამაშები დინამოს ხილვის შემდეგ ჩვენი ნაკრებისთვის შეხედვა ძნელია, მაგრამ როგორმე ჩვენს თავს უნდა მოვერიოთ და გულით ვუგულშემატკივროთ. აქედან მოდის წარმატებები.
თუ მოიგებ შენი ვარ, თუ არადა სხვისიო—ესეთი გულშემატკივრობით ფონს ვერ გავალთ და არც ვიქნებით ღირსები.
უშუალოდ თამაშს, რაც შეეხება უღიმღამო იყო. ასეთ თამაშს, რომ უყუროს კაცმა, ან რომელიმე ქვეყნის ქომაგი უნდა იყოს, ან ძალიან მაგრად უნდა უყვარდეს ფეხბურთი. ამ თამაშს ერთი დადებით ის ჰქონდა, რომ მოლოდინი გაგვიმართლდა და გოლი გავიტანეთ. ეს იყო წარმოუდგენელი ემოცია, როცა დრო გაჰყავდათ მალტელებს(აი, ამ დროს შეიძლება გინება) და უკვე თითქოს ეჭვში ხარ, რომ ფრე მორჩება თამაში….დრო იკლებს დაძაბულობა მატულობს…ასათიანის სოლო რეიდი და სამწუხაროდ შედეგი არ ფიქსირდება….ქეცბაიას თითქმის ვუთანაგრძნობ… და აი,უცებ თავის დროზე მილანში, მარცხენა ფლანგზე მოთამაშე კალაძემ გაიხსენა ,,ახალგაზრდობა” და გააკეთა საგოლე გადაცემა ისეთი, როგორსაც შევჩენკოს უკეთებდა…სირაძემ კი გადაგზავნა მეტოქის კარში…
ეს არის ის მომენტი, როცა უღიმღამო საათნახევარს, წვიმას, ბილეთში გადახდილ ფულს, გადაფარავს და გიხარია მთელი გულით. იტყვი: ,,აი, ამისთვის ღირდა”.
ალბათ ძალიან პათეტიკური ვარ, მაგრამ მე არ ვწერ მეცნიერულ ნაშრომს, სადაც ცივი გონება და ნაკლები ემოციაა საჭირო…ეს სპორტია და იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ ემოციას გამოხატავ… უემოციო სპორტი არ არსებობს, რადგან სპორტი თვითონ აზარტია.
მთავარია(ამ ეტაპზე) სამი ქულა ავიღეთ და პირველი ადგილი დავიკავეთ ჯგუფში. სავარაუდოდ ერთი დღით თუმცა მაინც…
სამ თამაშში 5 ქულა არ არის ცუდი შედეგი.
იმედი ვიქონიოთ კლასიც მოგვემატება და მომავალში უფრო სანახაობრივ თამაშს ვიხილავთ ჩვენი ნაკრებისგან. მთავარია მოთმინება და ნაკლები პესიმიზმი გულშემატკივრების მხრიდან.

